ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათიდან კლინიკებში დამატებით 6000 საწოლი იქნება.
როგორც ტიკარაძე აცხადებს, დღეის მდგომარეობით 5500 საწოლია მობილიზებული.
რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინისტრის მტკიცებით, ქვეყანაში როგორც PCR-ის, ასევე სწრაფი ტესტების მარაგები არის.
„საფრთხეები არსებობს საკმაოდ დიდი. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთულია და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ზღვარზე მუშაობენ ჩვენი ექიმები უკვე წელიწადზე მეტია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მათი რესურსის გაფრთხილება. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საწოლფონდის სრული მობილიზება, რომ ჩვენ გვქონდეს იმ საწოლფონდის სრული ოდენობა, რომელიც გვქონდა მეორე ტალღის პიკურ მაჩვენებელში. ასევე მიმდინარეობს როგორც ჟანგბადის მოცულობების სრული მობილიზაცია, ასევე მედიკამენტების. სექტორში ამ მხრივ სრული მზაობაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმის ჩანაცვლება და გადატვირთვა, რაც ჩვენს ექიმებს დღესდღეობით აქვთ, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისათვის : ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით , როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ორშაბათს დაგეგმილი ვაქცინაციის საბჭოს ფორმატში სპეციალისტები იმ ჯგუფებთან მიმართებაში იმსჯელებენ, ვინც პროცესში ჩაერთვება.










