ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულება პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც 5 ივლისს, თბილისში დაჭრეს, განმარტებას აკეთებს.
“ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ადმინისტრაცია ეხმაურება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ალადაშვილის კლინიკაში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიერ შემოყვანილი დაჭრილი, უცხოეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ფართო საზოგადოებისთვის აკეთებს განმარტებას;
ა.წ. 5 ივლისს ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკის, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილი უცხოელი პაციენტის, პოლონელი ტურისტის (მამაკაცი, 49 წლის) ზოგადი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
კერძოდ, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები გულმკერდის არეში, მათ შორის ერთი შემავალი პლევრის ღრუში, ფილტვის დაზიანებით, ტრავმული პნევმოთორაქსით. პაციენტს ჩვენებით ჩაუტარდა ყველა პროტოკოლით გათვალისწინებული სამედიცინო ჩარევა და მანიპულაცია და ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტი მამაკაცის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელონი პარამეტრი შენარჩუნებულია და აღენიშნება მკურნალობის დადებითი დინამიკა. პაციენტი იმყოფება მკურნალი ექიმების დაკვირვების ქვეშ და უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება.
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ადმინისტრაცია ემიჯნება და გმობს მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას აღნიშნული პაციენტის ვითომდა გარდაცვალების შესახებ და ამასთან დაკავშირებულ აგორებულ ცრუ კამპანიას და პათოსს.
ალ. ალადაშვილის კლინიკის ადმინისტრაცია წუხს გავრცელებული დეზინფორმაციის გამო და უმორჩილესად თხოვს მასმედიის და სოციალური მედიის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოეკიდონ ყველა, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი, ასეთი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას, რომ არ მოხდეს ერთის მხრივ საზოგადოების ფუჭი ვნებათაღელვის და მეორეს მხრივ კლინიკისა და სამედიცინო პერსონალის იმიჯის შელახვა.
ალ. ალადაშვილის კლინიკის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ფართო საზოგადოებას არ აყვეს ნებისმიერი, საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და აცხადებს მზაობას და ჩართულობას განუმარტოს და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, პოლონეთის მოქალაქეს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი დაესხა თავს და გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.










