იმერეთში დიდთოვლობაა, რეგიონი სტიქიას ებრძვის და სწორედ ამ სტიქიის ქვეშ აღმოჩნდა გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომლის მდგომარეობაც უკვე წლებია მძიმეა.
გელათში არსებულ ვითარებაზე პოსტსა და ვიდეოს აქვეყნებს “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
“2020 წელს, გელათის ძირითადი ტაძრის დრობითი გადახურვის დროს საკურთხევლის აფსიდი სახურავი თუნუქის ფენილით დაიფარა. (სურათი 1)

თოვლის დნობა საფრთხეს უქმნის გელათის ძირითადი ტაძრის საკურთხევლის კონქის ღვთისმშობლის მოზაიკას, რომლის მდგომარეობა ისედაც უმძიმესია!”
“გუშინ გავრცელებული უმძიმესი სურათის ფონზე, “გამაბათილებელი” განცხადებებით გამორჩეული რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი დუმს.
გელათში წვიმისა და თოვის შედეგად წყალი 2016 წლის დეკემბერში ჩავიდა, რამაც ფრესკების ნაწილი დაზიანდა. სახურავი დაზიანდა 2019 წელსაც. მიზეზი უხარისხო მასალით გადახურვა იყო. მოგვიანებით, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბრობდა, რომ გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. მათი თქმით, ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ განცხადებიდან მალევე, 2023 წლის 7 აპრილს, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან გადაიბარა.










