საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა მარტივია, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. უბრალოდ, ამ პოლიტიკურ ნებას დღევანდელი ხელისუფლება არ ავლენს. იციან საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს და აგებენ, სავარაუდოდ 3:1-ს – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლების გარეშე ტოვებს, აუცილებლად აისახება სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში.
„როგორც იცით, ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც გულისხმობს საარჩევნო უბნების გახსნას იმ ქალაქებში, სადაც არის ბევრი ქართველი ემიგრანტია. 90-ზე მეტ ქალაქში გროვდება ხელმოწერები. დაახლოებით 40-მდე ქალაქია, სადაც უკვე შეგროვდა 50-ზე მეტი ხელმოწერა. ისინი გადაგზავნილია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოში. ერთ-ერთი დათვლით, 90-ვე ქალაქში რომ გაიხსნას საარჩევნო უბნები, ჯამში, ცესკო-ს წლევანდელი ბიუჯეტის 0.8% იქნება დანახარჯი. არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებზე არაა საუბარი. მარტივი გასაკეთებელია თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. უბრალოდ, ამ პოლიტიკურ ნებას დღევანდელი ხელისუფლება არ ავლენს, იმის გამო, რომ იციან, საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს და აგებენ სავარაუდოდ 3:1-ს. ამ ყველა ხელმოწერილ დოკუმენტებს, დღესვე, გადავუგზავნით NDI-ის სადამკვირვებლო მისიას და გავუგზავნით ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არჩევნებს დააკვირდება საქართველოში.
ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასობით ათას საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს არ უმარტივებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას და ტოვებს მათ ხმის მიცემის უფლების გარეშე, ეს აუცილებლად აისახება სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში. მეც მინდა მოვუწოდო ქართველ ემიგრანტებს, 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. აუცილებელია 26 ოქტომბერს დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და მისცეთ ხმა!“- განაცხადა ჯაფარიძემ.