ძალადობის საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთში. ქართველმა კაცმა ორსულ ცოლს სახეზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალი კლინიკაში თავად მივიდა და ექიმებს განუცხადა, რომ ქმარმა სცემა.
მედპერსონალი ამბობს, რომ ორსულს დაზიანებები თვალის არეშიც აქვს მიყენებული.
„ჩვენ ოჯახში ძალადობის ბევრი შემთხვევა გვინახავს, მაგრამ მსგავსი არასდროს. ქალი სისხლიანი და სახეზე ნაჩხვლეტებით მოვიდა – თვალები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა“,- ამბობს კლინიკის ექიმი.
ექიმების ცნობითვე, ორსული გინეკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა კი მხედველობის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 43 წლის ქართველი კაცი უკვე დააკავა.