The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, რუსეთი შესაძლოა იემენელი ჰუსიტების თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით მომარაგებას გეგმავდეს, რაც იქნება კრემლის პასუხი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, რომელმაც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებას გარკვეული დათქმებით მხარი დაუჭირა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-ს უთხრეს, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ძალების, ცენტრალური სარდლობის მეთაურმა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამერიკის ძალისხმევა წითელ ზღვაში ხომალდებზე ჰუსიტების თავდასხმების ასარიდებლად არ მუშაობს და საჭიროა უფრო სერიოზული მიდგომა.
როგორც WSJ წერს, თეთრმა სახლმა დაიწყო კონფიდენციალური მცდელობა, რომ მოსკოვის გეგმები შეაჩეროს. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები წითელ ზღვაში სამოქალაქო ხომალდებს უკვე მერვე თვეა რაც თავს ესხმიან. მათი აზრით, ეს არის სოლიდარობა ღაზაში მცხოვრები პალესტინელების მიმართ. ამ პერიოდის განმავლობაში დაზიანდა, სულ მცირე, 30 სავაჭრო გემი, 2 კი ჩაიძირა.
WSJ-ს წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონი მოსკოვის გეგმების ცვლილებას დიპლომატიური გზებით ცდილობს და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გადასაფიქრებლად მესამე ქვეყანას იყენებს. წყაროს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ქვეყანაზეა საუბარი.
სადაზვერვო სამსახურების ინფორმაცია, რომ მოსკოვმა შესაძლოა ჰუსიტები შეიარაღებით მოამარაგოს და ცენტრალური სარდლობის მეთაურის, გენერალი ერიკ კურილას წერილი ლოიდ ოსტინისადმი აჩენს კითხვებს, არის თუ არა წითელ ზღვაში იემენელი რადიკალების თავდასხმების შესაჩერებლად თეთრი სახლის მიდგომა საკმარისი.
WSJ წერს, რომ ადმინისტრაციამ ცენტრალურ სარდლობას სთხოვა შეადგინონ პოტენციური სამიზნეებსი ფართო სია, რომელშიც კონკრეტული მეთაურებიც შევლენ.
გენერალმა კურილამ ლოიდ ოსტინს წერილში მოუწოდა, რომ ძალისხმევა მთელმა მთავრობამ გაზარდოს, როგორც ეკონომიკური, ისე დიპლომატიური და პოტენციურად უფრო ძლიერი სამხედრო ზეწოლის მიმართულებით.
გასულ თვეში Middle East Eye, ლონდონში დაფუძნებული მედია წერდა, რომ რუსეთი ჰუსიტებისთვის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გადაცემას აქამდეც გეგმავდა, თუმცა საუდის არაბეთმა გადააფიქრებინა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-სთან თქვეს, რომ ჰუსიტების წარმომადგენლები რუსეთში იყვნენ ჩასული. თუ დაჯგუფებას რაკეტებს გადასცემენ, მათი მიწოდება შესაძლებელი იქნება ირანის კონტრაბანდული ქსელის შუამავლობით.