რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინმა, დუმის არჩევნებისთვის, პარტია “ერთიანი რუსეთის” ხუთეულში წარადგინა, გაზეთ “კომერსანტსა” და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია “კანონის, უფლებებისა და წესების შესახებ”.
სტატიაში ლავროვი მკაცრად აკრიტიკებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს და მათ, თავიანთი ნების სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით რუსეთისა და ჩინეთისთვის, თავზე მოხვევაში სდებს ბრალს.
ამავე დროს, ლავროვმა რუსეთი მოიხსენია, როგორც “ტრადიციული ღირებულებების” დამცველი.
ლავროვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები არწმუნებენ სხვა ქვეყნებს, რომ დასავლეთი ახლა უფრო მეტად ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და საერთაშორისო საკითხებში იმოქმედებს ისე, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ, ხოლო სხვა დანარჩენი, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი უნდა მიჰყვეს მათ მიერ დასახულ კურსს.
ლავროვი აღნიშნავს, რომ “ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების დაწესების” დასავლეთის მცდელობები უშედეგოა.
სტატიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ დასავლეთის მრავალი ქვეყნის სასკოლო პროგრამებში ისწავლება, რომ იესო ქრისტე ბისექსუალი იყო.
“საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების მცდელობას, დაიცვან ბავშვები აგრესიული ლგბტ პროპაგანდისგან, “განათლებულ ევროპაში” საომარი პროტესტი უპირისპირდება. მიმდინარეობს შეტევა მსოფლიოს ყველა რელიგიის საფუძვლებზე, პლანეტის ცივილიზაციის ძირითად გენეტიკურ კოდებზე”, – წერს ლავროვი.
სერგეი ლავროვი, რომელიც მრავალი წელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, წელს პირველად მონაწილეობს არჩევნებში როგორც კანდიდატი. ვლადიმირ პუტინის წარდგინებით, ლავროვი პარტია “ერთიანი რუსეთის” ხუთეულშია. შესაძლოა, არჩევნების შემდეგ, ლავროვმა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაინაცვლოს