იანვარ-სექტემბერში რუსეთის მოქალაქეებმა ტურისტული, ასევე, ბიზნესთან, სამუშაოსთან, სწავლასთან დაკავშირებული თუ კერძო საზღვარგარეთული ვიზიტებით ყველაზე მეტად საქართველოში იმოგზაურეს. ამის შესახებ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის („ეფესბეს“) სასაზღვრო სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებში წერია, რასაც RBC-ზე დაყრდნობით “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
მთლიანობაში, რუსებმა საზღვარგარეთ ყველანაირი მიზნებისთვის იანვარ-სექტემბერში 21 მილიონი მგზავრობა შეასრულეს, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17,45 მილიონს შეადგენდა.
აქედან „ეფესბე“ პირველ ადგილზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთს ცალკე ასახელებს, რომელიც თურქეთსაც კი უსწრებს. კერძოდ, აფხაზეთში რუსებმა 4,61 მილიონჯერ, თურქეთში კი 4,59 მილიონჯერ იმგზავრეს. აფხაზეთი გასულ წელსაც ლიდერობდა: 2022 წლის იანვარ-სექტემბერში აფხაზეთში რუსეთიდან 4,42 მილიონი, თურქეთში კი 3,56 მილიონი მგზავრობა დაფიქსირდა.
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, რომელსაც „ეფესბე,“ ასევე, ცალკე ასახელებს, ქვეყანას ტოპ 10-ეულში მეშვიდე ადგილი უკავია. წელს საქართველოში (აფხაზეთის გამოკლებით) რუსეთიდან 220 ათასით მეტი, 0,88 მლნ მგზავრობა დაფიქსირდა, მაშინ, როცა შარშან ეს ციფრი 0,66 მილიონს შეადგენდა.
ამდენად, აფხაზეთის (4,61 მლნ) და დანარჩენი საქართველოს (0,88 მლნ) მონაცემების შეჯამებით, აფხაზეთსა და თურქეთს (4,59 მლნ) შორის სხვაობა, 200 ათასის ნაცვლად, 900 000 მგზავრობამდე იზრდება და ერთიანი მონაცემით 5,49 მლნ ვიზიტს შეადგენს, რითიც საქართველო, აფხაზეთის ჩათვლით, რეიტინგში ბევრად წინაა.
ცხრა თვეში რუსების მიერ ყველანაირი მიზნით საზღვრის გადაკვეთის ყველაზე პოპულარული მიმართულებებია:
- აფხაზეთი (საქართველო) – 4,61 მლნ მგზავრობა (2022 წელს 4,42 მლნ)
- თურქეთი – 4,59 მლნ (2022 წელს 3,56 მლნ)
- ყაზახეთი – 2,36 მლნ (2022 წელს 2,02 მლნ)
- არაბთა გაერთიანებული საემიროები – 1,22 მლნ (2022 წელს 0,74 მლნ)
- ეგვიპტე – 0,92 მლნ (2022 წელს 0,61 მლნ)
- სომხეთი – 0,89 მლნ (2022 წელს 0,58 მლნ)
- საქართველო – 0,88 მლნ (2022 წელს 0,66 მლნ)
- ტაილანდი – 0,69 მლნ (2022 წელს 0,03 მლნ)
- ჩინეთი – 0,61 მლნ (2022 წელს 0,12 მლნ)
- ფინეთი – 0,51 მლნ (2022 წელს 0,73 მლნ)
ტაილანდი და ჩინეთი გასულ წლის ათეულში არ შედიოდნენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან მგზავრობების პოპულარულ მიმართულებათა ათეულში მხოლოდ ფინეთი რჩება, სადაც წლევანდელ იანვარ-სექტემბერში ვიზიტების რაოდენობა შარშანდელზე 30%-ით ნაკლები დაფიქსირდა. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში ფინეთი 731,2 ათასი მგზავრობით მეხუთე ადგილზე იყო. მაშინ ათეულში ევროპული ქვეყნებიდან 536,5 ათასი მგზავრობით ესტონეთიც შედიოდა.










