რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. რუსული მედია მინისტრის პრესმდივანზე, ანა უსაჩევაზე დაყრდნობით წერს.
პრესმდივნის ინფორმაციით, ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრი სახლშია და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას.
„კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. COVID19 ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, მონაწილეობას იღებს შეხვედრებში ონლაინ ფორმატში. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერ არ არის“, – აცხადებს კულტურის მინისტრის პრესმდივანი, ანა უსაჩევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 559 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 165 929-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში კიდევ 86 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 537-მდე გაიზარდა. კორონავირუსი რუსეთში ამ დროისთვის 21 327-მა ადამიანმა დაამარცხა.