დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ ხურხუმალის განცხადებით, რუსეთმა აფხაზეთს დამოუკიდებლობა წაართვა მაშინ, როდესაც ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. როგორც მან აფხაზურ ტელევიზია АГТРК-ზე დებატების დროს თქვა, აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია, თავისი ინტერესების პატივისცემას მიაღწიოს.
“საბოლოოდ უნდა მოვიპოვოთ პატივისცემა ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი შეხედულებების მიმართ. დღეს ეს არ გვაქვს. დღეს ჩვენ დამოკიდებულები ვართ. როცა რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მან ის წაგვართვა. რატომ გავეცით ის?”, – განაცხადა ხურხუმალმა.
ადგურ ხურხუმალის განცხადებით, აფხაზეთმა ყველას უნდა აჩვენოს, რომ სხვის გარეშე ცხოვრება შეუძლია.
“ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და განვითარება ხალხთან ერთად. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთს ჰქონდეს ჩვენ მიმართ პატივისცემა. პერიმეტრის გასწვრივ საზღვრები უნდა დავკეტოთ, დამოუკიდებლად ვიკვებოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ყველას გარეშე შეგვიძლია ცხოვრება”, – თქვა მან.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები შაბათს, 15 თებერვალს გაიმართება.
ადგურ ხურხუმალი ე.წ. არჩევნებზე 4 კანდიდატს შეეწინააღმდეგება. ის კომერციულ ბანკ „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარეა.