საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტთა რაოდენობამ იმატა და რამდენიმე წუთში 9 ადამიანს ელოდებიან. ამის შესახებ კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
„ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, რომ მოგვეცეს საშუალება, შევძლოთ პაციენტების მიღება და მკურნალობა. მთელი პრობლემა ამაშია – შეიძლება, იმხელა ტალღით იყოს პაციენტების შემოდინება, ვეღარ აუვიდეთ ვერც ერთი საავადმყოფო, მათ შორის ჩვენი კლინიკა, რომელსაც ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნია. ეს დაგაზარალებთ თქვენც და დააზარალებს ჩვენს ქვეყანას, თუ მისი მოსახლოების უდიდესი ნაწილი დაავადდა“, – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს სწრაფი ზრდა და პიკამდე ისე უნდა მივიდეთ, რომ მართვა შევძლოთ.
„ათასობით დაინფიცირებულის ერთდროული მიღება დიდმა სახელმწიფოებმაც ვერ შეძლეს. ჩვენ გვპირდებით, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მათ გამოსაჯანმრთელებლად, მაგრამ არსებობს ზღვარი და ამიტომ გთხოვთ, დარჩეთ სახლში. მერე ადგილი რომ აღარ იყოს საავადმყოფოში და არ მოგვიწიოს ამ უბედური სიტყვების თქმა, რომ ადგილი არ გვაქვს, ამიტომ გთხოვთ, დარჩით სახლში“, – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.










