covax-ის შესახებ ინფორმაცია ქართველი აუდიტორიისათვის კოვიდ 19 პანდებიის დროს გახდა ცნობილი. ამ ორგანიზაციის სახელწოდებამ არაერთხელ გაიჟღერა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის გამოსვლებში.
“covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმა ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ არის შექმნილი, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის 2 ათეული წელია, რომლის დახმარებითაც ჩვენს ქვეყანაში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ალიანსის საშუალებით ჩვენ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიები ჩავატარეთ. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის [ქვეყნებისთვის] და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძემ დღესაც აღნიშნა, რომ ისინი თანამშრომლობენ COVAX პლატფორმასთან და მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს;
„ჩვენ ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. დაახლოებით 170 ქვეყანაა COVAX პლატფორმაში გაერთიანებული COVAX პლატფორმა შეისყიდის როგორც ვიცი რამდენიმე მილიარდ დოზას 2021 წლისთვის. შეძენილი იქნება არა კონკრეტულად ერთი ვაქცინა, არამედ Oxford-ის, AstraZeneca-სი, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვ.
კარგი გადახდის პირობები გაკეთდა COVAX პლატფორმასთან, ჩვენ გადავიხადეთ 4.5 მლნ-ზე ცოტა მეტი წინასწარი შენატანი, მაგრამ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა, ანუ რასაც გიკარნახებენ იმას კი არ შემოიტან, არამედ შენით აირჩევ. დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან, სადღაც მარტი-აპრილისთვის იქნება ეს, მაგრამ ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა COVAX პლატფორმისა, რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც გვქონდა დიდი ტელეკონფერენცია AstraZeneca-სთან და Oxford-ის ვაქცინასთან ე.წ. პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მწარმოებლებთან,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.