მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა.
მისი განმარტებით აღნიშნული მოდელი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და ამავდროულად შენარჩუნებულია აკადემიური სტანდარტი.
“ყველასათვის საინტერესოა, თუ როგორ მოხდება მოსწავლეების წლიური შეფასება პანდემიის პირობებში, ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ახალი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და ჩვენი დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, შევიმუშავეთ ახალი მოდელი. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და ამავდროულად შენარჩუნებულია აკადემიური სტანდარტი.
ახალ მოდელში წარმოდგენილია დაახლოებით ორი ფორმა, ესენია განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. პირველი მათგანი მსოფლიოში აპრობირებულია, რომელიც გამოიყენება ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი და ესტონეთი. ეს მასწავლებელს აძლევს საშუალებას სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.