12 ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით გარკვეულ ადგილებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტში. ამ კანონის საფუძველზე მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომლითაც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, იქნება სავალდებულო- ამის შესახებ შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან. მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.