ინგრედიენტები:
- ახალი ტყემალი – 1 კგ
- ნიორი – 100 გ
- კამა და ქინძი – 300 გ
- ომბალო – 50 გ
- მწვანე წიწაკა – 2 ცალი
ახალ ტყემალს ვრეცხავთ, ვყრით ქვაბში და ვხარშავთ 15 წუთი.
როცა მოიხარშება, ვყრით თუშფალანგზე, კარგად ვაცდით გაციებას, შემდეგ ვხეხავთ და გახეხილ ტყემალს მოზრდილ თასში ვასხამთ.
მწვანილებს ვყრით ბლენდერში, ვამატებთ ნიორს, მწვანე წიწაკას, ცოტა წყალს და კარგად ვაბლენდერებთ (ბლენდერი თუ არ გვაქვს, მწვანილები და ნიორი შეგვიძლია, ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ).
დაბლენდერებულ (ან გატარებულ) მასას ვასხამთ გახეხილ ტყემალში.
ვამატებთ დაფქვილ წითელ წიწაკას, მარილს, კარგად ვურევთ და ახალი ტყემალიც მზადაა.
შენიშვნა: ტყემლის მომზადებას, დაახლოებით, 30 წუთი დასჭირდება.
ახალი ტყემალი დიდხანს შესანახად არ გამოგვადგება.