ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული 81 წლის ქალის დის შვილი ამბობს, რომ დეიდამ მას სახლიდან დროულად გასვლა აიძულა, რის გამოც ნგრევას რამდენიმე წუთით გაასწრო.
“სამსახურში უნდა წავსულიყავი, მუსიკალურში, დეიდამ არ გამაჩერა, ჩქარა წადი, ჩქარა წადი არ დაგაგვიანდესო. გამოვედი, ბიბლიოთეკას გავცდი და გავიგონე საშინელი ხმა. გულმა არ მომითმინა, დავბრუნდი და ვნახე ეს საშინელება, ყველაფერი უცბად მოხდა. დეიდამ მე გადამარჩინა“, – ამბობს ნგრევის შედეგად დაღუპული 81 წლის წლის ქალის დისშვილი.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
ტრაგედიის ადგილას ხსოვნის კედელია აღმართული სადაც მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. მათ ადგილზე ყვავილები მიაქვთ, სანთლებს ანთებენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ისხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.
სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.