საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ვიზიტისას შეხვდა პრემიერ-მინისტრს, თუმცა მას არ ჰქონდა შანსი შეხვედროდა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მსგავსი შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაჩნდეს ოლსონის შემდეგ ვიზიტზე თბილისში.
ამის შესახებ დიპლომატმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ერიკა ოლსონის მისამართით კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.
„როგორც ვიცი, მერმა კალაძემ განმარტა თავისი განცხადება. როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი იმყოფებოდა საქართველოში კავკასიის რეგიონში მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მაგრამ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა თბილისის მერ კახა კალაძეს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა თბილისში, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ორგანიზება გავუწიოთ მერთან შეხვედრას, რათა მათ ჰქონდეთ საუბრის საშუალება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. საელჩოს აკეთებს ბევრ საქმეს დედაქალაქის მერიასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი პარტნიორები ვართ და ძალიან სასარგებლო იქნება თუ ერიკა ოლსონსა და დედაქალაქის მერს ექნებათ საუბრის საშუალება შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონის განცხადებით, ამერიკას აწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.
ერიკა ოლსონის განცხადების კომენტირება ჟურნალისტებმა კახა კალაძეს სთხოვეს, რაზეც მან უპასუხა: “რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.










