ლედი დის ჩაცმულობა მუდმივად ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში იყო .
მისი ერთერთი კაბა კი ისტორიაში შევიდა , როგორც „შურისძიების კაბა.“
1994 წელს, ჟურნალ Vanity Fair-ის მიერ მოწყობილ წვეულებაზე, ლედი დი მისი სტატუსისთვის „თამამი“ , ეფექტური შავი კაბით გამოჩნდა, რომელიც ბერძენი დიზაინერის კრისტინა სტამბოლიანის მიერ იყო შექმნილი.
ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ წვეულებაზე პრინცესას Valentino-ს კაბა უნდა ჩაეცვა, თუმცა მოულოდნელად მან არჩევანი შეცვალა.
ბერძენი დიზაინერის კაბა, პრინცესა დაიანას გარდერობში სამი წელი ინახებოდა. მისი პირადი სტილისტის თქმით, ლედი დის კაბა ძალიან მოსწონდა, თუმცა მის ჩაცმას ვერ ბედავდა, რადგან პრინცესა მსგავსი კაბით საჯაროდ ვერ გამოჩნდებოდა, მისი სტატუსისა და ეტიკეტის ნორმების გამო.
თუმცა, წვეულებაზე პრინცესა დაიანამ სწორედ ეს ღრმად დეკოლტირებული კაბა ჩაიცვა, ყელზე კი მარგალიტის ყელსაბამი ეკეთა, რომელსაც დიდი ლურჯი საფირონი ჰქონდა. ტაბლოიდებმა მაშინვე შენიშნეს, რომ საფირონი, რომელიც ყელსაბამს ამშვენებდა, ის გულსაბნევი იყო, რომელიც პრინცმა ჩარლზმა პრინცესას ქორწილში აჩუქა.
ტანისამოსის მსგავსი მოულოდნელი ცვლილების მოტივი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც გაირკვა, ჭორი, იმის შესახებ რომ პრინცი ჩარლზი დაიანას კამილა პარკერ-ბოულზისთან ღალატობდა, იმ დღეს დადასტურდა. პრინცმა ჩარლზმა პრინცესა დაიანას კამილასთან რომანის შესახებ უამბო.
პრინცესა დაიანას სტილისტის თქმით, ქმრის აღიარება ლედი დისთვის შემზარავი აღმოჩნდა, თუმცა გადაწყვიტა, იმ საღამოს შეუდარებელი ყოფილიყო და საკუთარი თავის სიძლიერე დაემტკიცებინა. იმ საღამოს ლედი დი მისი მდგომარეობისთვის სრულიად წარმოუდგენელი სამოსითა და განწყობით გამოჩნდა . იგი გახდა სიმბოლო იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რაც უნდა მოხდეს, ქალი მუდამ უნდა ბრწყინავდეს. პრინცესა დაიანა შავი კაბით საკუთარშინაგან განწყობას გამოხატავდა, თუმცა მებრძოლი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა ცხოვრებას განაგრძობს.