ტელეკომპანია TV Pirveli-მ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაურში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
როგორც ჟურნალისტი იუწყება, ადგილობრივებმა მედიას ვიდეომასალაც მიაწოდეს და აცხადებენ, რომ სოფელში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ, ძველი ფერმის შენობაში კლინიკიდან გამოტანილი დიდი ოდენობით სამედიცინო ნარჩენებია განთავსებული. მათი თქმით, ნარჩენებს შორის ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილებიც ფიქსირდება.
მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ნარჩენები შენობაში ერთ თვეზე მეტია ყრია, რაც მათ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა სოფელში ინფექციური საფრთხეები გააჩინოს. მათივე ინფორმაციით, ნარჩენების შეტანა სავარაუდოდ საღამოობით ხდება და ისინი მიტოვებულ შენობაში პარკებში შეფუთული რჩება. აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალაც გავრცელებულია.
შემთხვევის ადგილზე TV Pirveli-ს გადამღები ჯგუფი ჩავიდა. ჟურნალისტის ცნობით, მათი მისვლის შემდეგ ტერიტორიაზე სოფლის რწმუნებულიც გამოჩნდა, რის შემდეგაც შესაბამისმა სამსახურმა ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.
მერიის წარმომადგენელი მელაურის თემის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფიკო კიკაჩეიშვილი kvrispalitra-თან ადასტურებს სამედიცინო ნარჩენების არსებობას, მაგრამ არა სხეულის ამპუტირებული ნაწილების:

-სადაც ეს შენობაა იმის უკან ვცხოვრობ, მეც მაგ სოფელში ვცხოვრობ, არანაირი სუნი არ არის. ჩემი ოჯახის მტერი ვარ, მსგავსი რამ რომ იყოს? მობრძანდით და ნახეთ თქვენი თვალით. რა ამპუტირებული, რის ამპუტირებული სხეულის ნაწილები, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ეს არის საავადმყოფოდან გამოტანილი ნარჩენები, რასაც ხმარობენ, ნაოპერაციები, შპრიცები და მსგავსი რაღაცები, თორემ რა სხეულის ნაწილები, რას ლაპარაკობთ.
– სამტრედიის რომელი კლინიკიდან არის ეს სამედიცინო ნარჩენები გამოტანილი?
– ვერ გეტყვით ამაზეც ვერაფერს. საიდან რა მოდიოდა, ინფორმაცია არ მაქვს. რამდენიმე დღეა პირადად მე რაც გავიგე, სამი ოთხი დღეა და როგორც გავიგეთ, მაშინვე რეაგირება მოჰყვა. ღამის 11 საათზეც იქ ვიყავით და ვადევნებდით თვალს როგორ გადიოდა ეს ნარჩენები. წინააღმდეგობაში არ წამოსულა არავინ, თვითონ ვისაც ევალება ეგ სიტუაცია ძალიან შეშფოთებულია. რა თქმა უნდა კარგი ფაქტი არ არის, მაგრამ რადგან მოხდა, ხდება ახლა გატანა ამის და ამხელა ხმაური რა საჭიროა.
ცნობილია ვინ ანთავსებდა მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებულ ნაწილებს










