პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, გორში პარტიის ოფისის მეპატრონე პარტიასთან ხელშეკრულებას წყვეტს. გახარიას თქმით, მსგავსი ფორმებით “ქართული ოცნება” გახარიას გუნდს ებრძვის.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ტყუილებს იგონებს და მას მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით ავრცელებს. მისი თქმით, მსგავსი ტყუილებით მმართველი გუნდი თავის თანაგუნდელებს არწმუნებს, რომ “ის კიდევ ჯანზეა”.
“მე ჟურნალისტი მეუბნება, რომ ამ ოფისის მეპატრონემ, ზუსტად ისე, როგორც ბათუმის ოფისის მეპატრონემ უკვე შეგვიწყვიტა ამ ოფისის კონტრაქტის ხელშეკრულება და ჩვენც მოგვიწევს აქედან წასვლა. არა – მე ვგავარ წამებულს?! კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობებით, ვერანაირი ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ.
როდესაც მმართველი ძალა იმდენად შეშინებულია, რომ იგონებს ტყუილს, მერე ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებებით, შემდგომ ამ მედია საშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე, მისივე პოლიტიკოსები კომენტარების კეთებას იწყებენ, ეს არის დაგეგმილი კამპანია, რომ მმართველმა ძალამ თავისი მხარდამჭერები დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია, ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას.
როცა მმართველი პარტია ტყუილებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია”,- თქვა გახარიამ.