გუშინ, 2 ივნისს „მესენჯერის“ მომხმარებლებს „კოკა-კოლას“ სახელით გაეგზავნათ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ვიქტორინას ატარებდა და გამარჯვებულებს საჩუქრად 2 000 ლარს გადასცემდა.
მალევე გაირკვა, რომ აღნიშნული ლინკი თაღლითური სქემაა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომლებიც ვირუსულად გავრცელებულ ლინკზე გადავიდნენ – ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ კიბერუსაფრთოების ექსპერტ ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
„ეს კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო, რომელიც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის, ან გარკვეული სენსაციური ცნობის სახელით ვრცელდება ხოლმე და იყენებენ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რადგან დაგვაბნიონ და ამ აღელვების პირობებში გავუზიაროთ ჩვენი ინფორმაცია და საავტორიზაციო მონაცემები, ან გადავურიცხოთ თანხა, ან გადავიდეთ ინფიცირებულ ლინკზე, რითაც ბოროტგანმზრახველი ჩვენს კომპიუტერულ სისტემაზე და სოციალურ ქსელზე წვდომას მიიღებს.
აღნიშნულ ლინკზე გადასვლის შემდეგ, თქვენი მისამართიდან ვირუსული ინფორმაცია იმიტომ იგზავნება, რომ ამას უკვე სხვა განკარგავს – ან ავტომატურად, კომპიუტერული პროგრამის დონეზე, ან აქვს თქვენი პაროლი და შესაბამისად, თქვენივე სახელით ოპერირებს.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს პაროლი, ძირითად შემთხვევაში ეს საკმარისია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა მოწყობილობიდან გამოვიდეთ, სადაც სოციალური ქსელი გვაქვს გახსნილი.
ასევე, ძალიან კარგია ორმაგი>ავთენტიფიკაციის გამოყენება, “დამნაშავეს“ ეს დამატებითი დამცავი შრე ჩვენს კუთვნილ სისტემაში არ შეუშვებს.
რაც შეეხება სოციალური ინჟინერიის თავდასხმებს, ყველაზე კარგი მოკავშირე ჩვენი საღი გონება და აზრია. როდესაც სასწრაფოდ გვთხოვენ, რაიმე მოქმედების შესრულებას, 99%-ით ეს კიბერთაღლითობაა. როდესაც ისეთ მოქმედებას გვთხოვენ, რომელსაც სხვა დროს არ გავაკეთებდით და ახლა რაღაცის სანაცვლოდ გვთავაზობენ, ესეც.










