საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ყატარულ საინვესტიციო კომპანია Golden Tower Invest Group-ს ხუთი ობიექტი, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემა. ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ბოლოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ყატარული ინვესტიციით წყალტუბოში მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. სანატორიუმები, მათი ფასი და გარიგების პირობები არ კონკრეტდება, თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ ყატარული საინვესტიციო ჯგუფისთვის მინიმალური საპრივატიზაციო თანხა, დაახლოებით, 12 მლნ ლარი, საპრივატიზაციო ვალდებულება კი 35 მლნ ლარამდეა.
Golden Tower Trading & Contracting (GTTC) სამშენებლო-საინჟინრო მომსახურების მულტიდისციპლინური კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს კონსულტაციას, პროექტებისა და მშენებლობის მენეჯმენტს, დაგეგმვასა და შეფასებას, პროექტირებას, გეოდეზიას, სამუშაოების შესრულებას სტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობის ყველა ასპექტში. ამ სერვისებისა და გადაწყვეტილებების გარდა, GTTC, ასევე, მაღალი ხარისხის მეტალოკონსტრუქციულ სრულ სერვისს უზრუნველყოფს. კომპანია კლიენტების ფართო სპექტრს მოიცავს და ახორციელებს როგორც მცირე კერძო პროექტებს, ისე დიდ სამთავრობო შეკვეთებს.
კომპანია ყატარში, 2004 წელს დაარსდა და 2013 წლამდე „Golden Men Contracting & Trading“ (GMTC) ეწოდებოდა. GMTC-მა ყატარში თავისი ფუნქციონირება დაიწყო მაღალი ხარისხის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფოლადის კონსტრუქციების, ასევე, ალუმინის, უჟანგავი ფოლადის ნაკეთობების (კარ-ფანჯრების, ღობეების, მოაჯირების, კომერციული სამზარეულოს ინვენტარისა და ა.შ.) დამზადების, მიწოდების, აღმართვისა და ინსტალაციის სერვისით.
2014 წლიდან კომპანიამ მომსახურების პროფილი გააფართოვა, რასაც დღემდე ეწევა. მზარდი მოთხოვნების შესასრულებლად კომპანია ახალი სახელით, „Golden Tower Trading & Contracting“ (GTTC) „გასაღების გადაცემამდე“ მიყვანილი პროექტების განხორციელებას შეუდგა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ინჟინერი, საიდ სალაჰ ელ რეფაი გახდა.
მრავალდისციპლინურ ასოცირებულ მენეჯმენტთან და პერსონალთან ერთად, კომპანიამ თავისი საინჟინრო მომსახურების დივესრიფიცირება და გაფართოება შეძლო. საიდ სალაჰი აცხადებს, რომ კომპანიისთვის მთავარია სამი ასპექტი: სამუშაოს ხარისხი, მისი დროულად დასრულება და უსაფრთხოება.
საქართველოში GTTC რამდენიმე პროექტს ახორციელებს. კერძოდ, ასევე, ყატარულ კომპანია Retaj Hotels & Hospitality-თან GTTC-მა გააფორმა კონტრაქტი საქართველოში პირველი სასტუმროს მართვისა და ოპერირების შესახებ ქალაქებში, საგარეჯოსა და გრიგოლეთში. საგარეჯოში 100 ათას კვადრატულ მეტრზე პროექტი, Tamara city აშენდება, რომლის ფართობის 15,5%, ანუ 15 000 კვ.მ-მდე სამშენებლო, ხოლო დანარჩენი 85%, ანუ 85 000 კვ.მ ტერიტორია რეკრეაციული იქნება, ხოლო გრიგოლეთის ჰოტელ-აპარტამენტის მთლიანი ფართობი 2011 კვადრატული მეტრია. GTTC თბილისში, ასევე, დიდი დიღმის 16-სართულიან თაუერს აშენებს. ამ ჰოტელ-აპარტამენტის გარშემო, 1800 მეტრ ფართობზე, მწვანე სივრცე მოეწყობა.










