თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, ნენსი პელოსის ერევანში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა, როგორც ნაბიჯი, რომელიც მშვიდობას ხელს არ უწყობს.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ნენსი პელოსის მიკერძოებული განცხადებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებებთან დაკავშირებით დიპლომატიური ძალისხმევის საბოტაჟია და მიუღებელია.
ოქტაიმ ასევე მოუწოდა ვაშინგტონს განმარტოს, ასახავს თუ არა პელოსის განცხადებები აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას.
18 სექტემბერს, ერევანში ვიზიტით მყოფმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.
მან აღნიშნა, რომ მის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ, რასაც სასაზღვრო შეტაკებები და 200-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.








