ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 20 დღის ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
20 დღის ახალშობილის ოჯახი ბათუმის იაშვილის კლინიკას გაუფრთხილებლობასა და ბავშვისთვის ტრავმის მიყენებაში ადანაშაულებს.
როგორც ბავშვის მამა „ტვ პირველთან“ აცხადებს, ახალშობილი კლინიკაში ვირუსით შეიყვანეს, თუმცა „დღეს ბავშვს თავზე ტრავმა აქვს მიღებული“.
„ორი კვირის იყო ბავშვი, როცა სახლში ბრონქები გაურთულდა და წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“, – განაცხადა ახალშობილის მამამ.
ამასთან, ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, დაზიანება ბავშვს, სავარაუდოდ, კლინიკაში აქვს მიღებული.
„დაზიანება მიაღებინეს ამათ, თუმცა ოჯახს აბრალებენ. ბავშვი შევიდა ჯანმრთელი, ვირუსით და თავგატეხილია იქიდან გამოგზავნილი“, – აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.
აღსანიშნავია, რომ ჩვილი ამ დროისთვის თბილისშია გადმოყვანილი. ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.








