,,ემიგრაცია თავის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ დაუსრულებელი და უნაყოფო, თუკი მისი მთავარი მისია გაძლიერება და სამშობლოში დაბრუნება არ გახდა.
საქართველოდან წასული და უცხოეთში საცხოვრებლად დარჩენილი თითოეული მოქალაქე, ქვეყნის შეუვსებელი დანაკლისია.
ქვეყნის მთავარი სიმდიდრე და რესურსი ადამიანია! ხალხი!
როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყველა თუ არა, დიდი ნაწილი მაინც, სამშობლოში უნდა დავბრუნდეთ და ერთსულოვნებით, პატიოსნებით ავაშენოთ ძლიერი ქართული სახელმწიფო.
არ შეიძლება ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 40% ემიგრაციაში ცხოვრობდეს, უკან დაბრუნების დაუდგენელი ვადით.
სანამდე ვიცხოვროთ სხვაგან, არა სამშობლოში?!
იქნებ, ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების ჩართულობით, ერთობლივად შეიმუშავონ სტრატეგია, ბიზნეს-პროგრამები, სტარტაპები და საქართველოში დაბრუნება გაიოლდეს?!
პრივილეგირებული კლასების ანუ ელიტის მიერ მითვისების და პირადი გამდიდრების გეგმას არ ვგულისხმობ.
თუმცა, უიმედოდ მეჩვენება, სამშობლოში დაბრუნებაში ხელი შეუწყონ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ერთ მილიარდ ნახევარ დოლარზე მეტი შემოაქვს ქვეყანაში, საერთაშორისო გზავნილების სახით, ყოველწლიურად.
ვიცი, დაბრუნება წასვლაზე რთული იქნება, რადგან რაც მეტი დრო გადის, მით უფრო არავინ გველის, თითო-ოროლა შინაურის გარდა.
გველიან კი არა, იქ დარჩენილები (რა თქმა უნდა, არა ყველა) გაბრაზებული არიან ჩვენზე და ამას ისე გამოხატავენ, თითქოს სამშობლოს დატოვებასთან ერთად, უკან დაბრუნების უფლებაც ჩამოგვერთვა;
არათუ დაბრუნების, მასზე საუბრის და გულშემატკივრობის… თითქოს სამშობლოს პირადი კეთილდღეობა ვანაცვალეთ და ამით ვუღალატეთ, მივატოვეთ. ხოლო სხვები დარჩნენ და ეპატრონენ.
არ არსებობს ორი საქართველო – აქ ან იქ.
„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“ და სადაც არ უნდა ცხოვრობდე, რამდენი ხანიც, ყოველთვის გაქვს შინ დაბრუნების უფლება… ვინც არ უნდა იყო – უძღები შვილი თუ უკანასკნელი ავაზაკი!
P.S. თუმცა, რაღა დაბრუნება?! ლამის გადაგვყლაპოს მექსიკის შავმა ხვრელმა, საბოლოოდ შეგვისრუტოს ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობა ამერიკაში.
#დაბრუნება
#ემიგრანტები