საერთაშორისო ორგანიზაცია amnesty international ირანის არჩეულ პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისითან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ორგანიზაციის განცხადებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, რა როლი მიუძღვის ებრაჰიმ რაისის 1988 წლის მოვლენებში, რომელსაც ვაშინგტონი და უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტპატიმრების სიკვდილით დასჯად აფასებენ.
“ის, რომ იბრაჰიმ რაისი არჩეულ იქნა პრეზიდენტად, ნაცვლად იმისა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მკვლელობის, იძულებითი გაუჩინარების და წამების გამო, ეს საშინელი შეხსენებაა იმისა, რომ ირანში დაუსჯელობა მეფობს. ირანი დღემდე მალავს მსხვერპლთა ბედსა და ცხედრების ადგილსამყოფელთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ვაგრძელებთ მოთხოვნას, გამოძიებულ იქნას ებრაჰიმ რაისის როლი წარსულ და მიმდინარე დანაშაულებებში”, – აცხადებს amnesty international-ის გენერალური მდივანი აგნეს კალამარდი.
ირანს მასობრივი სიკვდილით დასჯის განხორციელების ფაქტი არასდროს უღიარებია, რაისს კი მის წინაღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხი საჯაროდ ამ დრომდე არ გაუცია.










