ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინი ცეცხლაძის დედა მისთვის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. პროკურატურას მისი სახელით არასამთავრობო ორგანიზაცია, “საფარმა” უკვე მიმართა.
აქამდე უფლებამონაცვლე გარდაცვლილი გოგოს და, თამარ ცეცხლაძე იყო, თუმცა მან მესამე სექტორს საქმის მონიტორინგის უფლება არ მისცა, რამაც დედას ეჭვი გაუჩინა, რომ გარდაცვლილი გოგოს და ზეწოლის ქვეშაა.
“ბოლო დღემდე თამარ ცეცხლაძე სრულიად კმაყოფილი იყო ორგანიზაციის მუშაობით და აბსოლუტურად მოულოდნელად, მან გადაწყვიტა, შეეწყვიტა ეს თანამშრომლობა და არანაირი ახსნა-განმარტება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, მათ შორის არც ჟურნალისტებთან.
ჩვენ სხვა წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ხორციელდება ზეწოლა თამარ ცეცხლაძეზე.
არასამთავრობო სექტორის ჩამოცილება, ამ ძალიან გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმიდან, აზარალებს უშუალოდ საქმეს, აზარალებს ზოგადად ქალთა და გოგონათა უფლებრივ მდგომარეობას ამ ქვეყანაში”,– თქვა ბაია პატარაიამ.
ამ საქმეზე დღემდე დაკავებულია 2 პირი, გარდცვლი გოგონას ბაბუა და კაცი, ვისთანაც მას პირადი ხასიათის კავშირი ჰქონდა. შეგახსენებთ, 10 თებერვალს, ქობულეთში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვით ადრე ის გააუპატიურეს.