კურსთან მიმართებაში, პროდუქტებთან მიმართებაში გარკვეული ლოკალური პრობლემები გამოიკვეთა, თქვენ წარმოიდგინეთ იმ შემთხვევაში რა იქნებოდა ეს ქვეყანა სანქციებს რომ მიერთებოდა? – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროდუქტების მარაგებთან დაკავშირებით აჟიოტაჟია შექმნილი და რეალური დეფიციტი არ არის.
„შექმნილი აჟიოტაჟის გამო, ლოკალურად გარკვეულ პროდუქტებზე დაფიქსირდა დეფიციტი, რაც ლოგიკური არ არის, იმიტომ რომ დეფიციტზე საუბარი რეალურად არ არის. ამას ამბობენ მომწოდებლებიც, ამას ამბობენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც, ბიზნესიც, რომ რეალური დეფიციტი სახეზე არ არის. სექტორიდან ერთ-ერთმა ადამიანმა განმარტება გააკეთა, რომ პანიკური შესყიდვები შესაძლოა ამ ცუდ ტრენდს უზრუნველყოფდეს.
სანქციების გარეშე, სადაც პრობლემა არ არის რეალურად, ასეთი ლოკალური პატარ-პატარა აღმოფხვრადი პრობლემები ჩნდება, თქვენ წარმოიდგინეთ, სანქციებთან მიერთების შემთხვევაში, რა შეიძლებოდა ყოფილიყო შედეგი. სწორედ ეს უნდოდათ იმ ადამიანებს, რაღაცა ეროვნული მოტივებით, ვითომ მორალურ-ემოციურებზე მითითებით, რომ მოგვიწოდებს ჩვენ, სანქციები დავაწესოთ, რომელიც ერთი მხრივ, სულ რომ ომში ჩათრევის შესაძლებლობას თავი დავანებოთ, ბაზარზე პრობლემების შექმნას ისახავს მიზნად.
მე ვფიქრობ, რომ ეს დროებითია და ამასაც ეს აჟიოტაჟი წარმოშობს. კურსთან მიმართებაში, პროდუქტებთან მიმართებაში გარკვეული ლოკალური პრობლემები გამოიკვეთა, თქვენ წარმოიდგინეთ იმ შემთხვევაში რა იქნებოდა სანქციებს რომ მიერთებოდა ეს ქვეყანა? ანუ ჩვენი წინა დღეებში გახმოვანებული არგუმენტები, რომ კი არ დააზიანებს მას ვისაც შეიძლება სანქციები დაუწესო, იმას პრაქტიკულად საერთოდ არ დააზიანებს, დააზიანებს ამ ქვეყანას და ესე იგი, შენ, ამ შემთხვევაში რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი, ითხოვ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ დააწესო სანქციები და არა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.