ესპანეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა ბარათელი, იგივე “ჭია” “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ის ამბობს, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა და გაუგებარია, რატომ გაჟღერდა გახმაურებულ საქმესთან მისი სახელი.
“წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც? 15 წელია მე არ მიცხოვრია საქართველოში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 6 წლის წინ დამაკავეს უცხოეთში, შემდეგ მოხდა საქართველოში ჩემი ექსტრადირება და ყველა ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
როგორც ჩანს, დღეს საქართველოში ტალახის სროლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლა თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ და საერთოდ არ აინტერესებთ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ამას ისმენენ, ამაზე არ ფიქრობენ. როგორ შეიძლება ეს?” – ამბობს ბარათელი “კურიერთან” საუბარში.