ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი მადონა ქასრაძე გარდაიცვალა . – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მადონა ქასრაძეს ახლობლები და კოლეგები ემშვიდობებიან :
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დამსახურებული სამედიცინო მუშაკის, მადონა ქასრაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.ქალბატონი მადონა ოთხ ათეულ წელზე მეტი ღირსეულად ემსახურა ჩვენს მუნიციპალიტეტს. თანავუგრძნობთ ოჯახს, თანამშრომლებს და ყველა ახლობელ ადამიანს – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამედიცინო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკის, ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ხელმძღვანელის, მადონა ქასრაძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი მადონა 45 წელი ემსახურა ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის მოსახლეობას. ბოლო ორ ათეულ წელზე მეტი ღირსეულად ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით, საქმისადმი უაღრესად ერთგული დამოკიდებულებით.მადონა ქასრაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. – წერს ტყიბულის მერი დავით კუბლაშვილი.
სიტყვები ვერასოდეს გამოხატავს იმ ტკივილს რასაც განვიცდით მისი კოლეგები და მეგობრები, ქალბატონი მადონა ქასრაძის გარდაცვალების გამო! იგი ყოველთვის გამორჩეული იყო ყველასაგან მაღალი პროფესიონალიზმით, სიკეთით და საქმისადმი ერთგულებით! რამდენი რამ ვისწავლეთ მისგან და რამდენი კიდევ გვქონდა მისგან სასწავლი! რამდენი გეგმები დაუსრულებელი! ბოლო შეხვედრა გვქონდა 15 მაისს! იმ დღეს როცა კლინიკაში იყო დაბარებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო! ამ დღეს ტყიბულში სკრინინგ აქცია ტარდებოდა და ბოლო წუთამდე არ დაგვტოვა! როდესაც დაგვემშვიდობა, თვალზე ცრემლები მოერია და გვითხრა ,,წავალ ეხლა მე და ვნახოთ რა იქნება! მთავარია თქვენ იყოთ კარგადო” ქალბატონი მადონა იყო ადამიანი რომლისგანაც მთავარი რაც უნდა გვესწავლა იყო სიყვარული! მადლობა უფალს რომ ამ დიდებულ ადამიანთან მხარდამხარ განვლე თითქმის 24 წელზე მეტი! შეხვედრამდე ქალბატონო მადონა! – წერს გოჩა გიორგიძე
📰 გააგრძელე კითხვა...