საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება 1246,28 გრ. „მეთადონის (ფუძე)“; 73,65 გრ. „მდმ“-ა და 147,51 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“, რაც 28 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.