პოლონელი მოგზაური იაცეკ კოლანკიევიჩი, რომელიც 5 ივლისს თბილისში დაჭრეს, კლინიკიდან გაეწერა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელი ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახლადგახსნილი სასტუმრო „ბიოგრაფი“ პოლონელ ტურისტს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს.
„საქართველოში პირველად ჩამოვედი, Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი. ბევრი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ, სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ“, – აცხადებს პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი.
5 ივლისს, პოლონეთის მოქალაქეს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი დაესხა თავს , ერთ-ერთმა მათგანმა გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტურისტის დაჭრის მიზეზი საყურე გახდა. ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს.