2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან მიიღებს. თბილისისთვის ეს იქნება კომპანია “თელმიკო”, დანარჩენი საქართველოსთვის – “ეპი ჯორჯია”.
აღნიშნული ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. კანონის თანახმად ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. შესაბამისად, თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა გამიჯნულია. ამის გამო, “თელასმა” და “ენერგო პრო ჯორჯიამ” დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.
სემეკის ინფორმაციით, მარეგულირებელმა 1 ივლისამდე უნდა განსაზღვროს ამ კომპანიებისთვის დენის მიწოდების ტარიფი, თუმცა ახალი ტარიფი მოქმედი ტარიფის იდენტური იქნება და ის მომხმარებლისთვის არაფერს შეცვლის.








