რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლის, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, რაც მათ ჩამოწერეს 8 – პუნქტიან მოთხოვნებში, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებები წლების განმავლობაში კეთდებოდა როგორც საჯაროდ, ასევე პრაღის ფორმატშიც.
“პირველად არ გვესმის რუსეთის მხრიდან, რომ წინააღმდეგია ნატო-ს გაფართოების, ეს მე ხშირად მსმენია ჩვენს ფორმატებზე ჩემი რუსი კოლეგისგან, წლების განმავლობაში საჯაროდ კეთდება ასეთი განცხადება.
ახლა ამის გააქტიურება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია რუსეთის როგორც საგარეო პოლიტიკურ ასევე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგთან, ამ ორი მომენტის ერთობლიობა იძლევა იმ შედეგს, რასაც ვხედავთ.
რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლიან, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, იმ შედეგებს, რაც მათ ჩამოწერეს 8 – პუნქტიან მოთხოვნებში, ზოგმა ულტიმატუმი დაარქვა ამას, თქვენ როგორც გინდათ ის დაარქვით, ეს ყველაფერი გაწერილია მათ მოთხოვნებში, როგორც ჩანს რუსეთი თვლის, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ამ მიმართულებით უნდა გადადგან ნაბიჯები,”– განაცხადა აბაშიძემ.