სამიზნეში ცესკო ჰყავთ ამოღებული, რომ თითქოს ცესკო საკმარის საინფორმაციო კამპანიას არ ეწევა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ტერიტორიებზე, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში, ხაზგასმით ჰყავს შექებული ცესკო, მისი კომუნიკაციის გეგმა და ის საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ცესკო აწარმოებს. პირდაპირ თეთრი ძაფით არის ნაკერი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კამპანია, რომ ყველა იმ პუნქტს, რაც დადებითად არის აღნიშნული ეუთო/ოდირის დასკვნაში დადებითად არის ასახული დაარტყან იმისთვის, რომ საინფორმაციო ხმაური გამოიწვიონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ეუთო/ოდირიმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.