4 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. ცნობილი მუსიკოსი ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრთან და დირიჟორ – რევაზ ჯავახიშვილთან ერთად წარსდგება მაყურებლის წინაშე. მუსიკალურ საღამოზე პეტრე ჩაიკოვსკის #1 საფორტეპიანო კონცერტით შესრულდება.
4 თებერვლის ღონისძიების მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი. დასწრება თავისუფალია.
დავით ალადაშვილი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად არაერთ კონცერტს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2017 წელს პიანისტმა ქართველი მსმენელისთვის რეგიონალური ტურნე “პიანინო” მოაწყო, რომლის ფარგლებშიც 14 დღის განმავლობაში საქართველოს 12-ვე რეგიონში 50-მდე პერფორმანსი ჩატარდა. ერთ-ერთი გამორჩეული კონცერტი სწორედ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ჩატარდა.
“ემოციური ვირტუოზი დაბადებული სცენისთვის” – ასე მოიხსენიებენ დავით ალადაშვილს მუსიკალურ საზოგადოებაში. მან ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება საფორტეპიანო ხელოვნებაში ნიუ-იორკის “The Juilliard School”- ში მიიღო. პიანისტს არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში აქვს მიღებული მონაწილეობა, ის კამერულ და საორკესტრო კონცერტებს მსოფლოს სხვადასხვა ქალაქში მართავს.