სტამბოლში სავარაუდო მოწამვლის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. ცოლ-ქმარი და მათი 2 შვილი თურქეთში გერმანიიდან დასასვენებლად ჩავიდნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი ოთხშაბათს, ორთაკოის სანაპირო უბანში, ბოსფორის ხიდის ქვეშ, ქუჩაში საკვების მიღების შემდეგ, ცუდად გახდნენ, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
3 და 6 წლის ასაკის ბავშვები კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს, ხუთშაბათს დაიღუპნენ, დედა კი ერთი დღის შემდეგ. რამდენიმე დღე რეანიმაციაში იმყოფებოდა კაციც, თუმცა ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.
სტამბოლის პროკურატურამ გამოძიება საკვებით ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო, თუმცა, თურქული მედიის ცნობით, შემდეგ გაჩნდა მტკიცებულებები, რომ ოჯახი შესაძლოა პესტიციდებით სასტუმროში მოიწამლა. თურქულმა გამოცემა Hurriyet-მა დაწერა, რომ სასტუმროს პირველი სართული მწერების საწინააღმდეგო ნივთიერებით შეწამლეს, რომელმაც სავარაუდოდ, პირველ სართულზე მდებარე ნომერში, სადაც ოჯახი იმყოფებოდა, აბაზანის ვენტილაციის საშუალებით შეაღწია.










