“პენსიონერი მშობლები და ოჯახი მისახედია. “700$ ექნება ხელფასი და ოჯახში რომ 350$ მაინც გამოვგზავნოვო” – კიდევ ერთმა ქართველმა დატოვა სამშობლო, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემს უახლოეს მეგობარზე უნდა დავწერო. ძალიან წარმატებული კლუბის მენეჯერი იყო ათ წელზე მეტი, მგონი 15-იც კი. ეს საბილიარდო კლუბი ქალაქის ცენტრში იყო, მიწისქვეშა სივრცეში. საზოგადოებრივ ადგიელებში სიგარეტის მოწევა რომ აიკრძალა, მაშინ დაიწყო პრობლემები. იწვალა ამ საბილიარდომ, იწვალა და გაკოტრდა. ამ ჩემმა მეგობარმა იყიდა მანქანა სატაქსაოდ. მერსედესი, მრგვალფარებიანი. მისდა სამწუხაროდ ლურჯი. რა იცოდა. არავისთვის არაფერი უთხოვია, მით უმეტეს მთავრობისთვის. სანამ რამეს ვიზამ ამით შევინახავ ოჯახსო. მერე ტაქსების “რეფორმის” გამო მხოლოდ აპლიკაციით მუშაობდა და გაუნახევრდა შემოსავალი, პრაქტიკულად ტყუილად ვმუშაობო.
პენსიონერი მშობლები და ოჯახი მისახედია.
ხოდა გაყიდა ეს მანქანაც და ამ ფულით აიღო პოლონეთის ბილეთი. წავიდა სამუშაოდ, 700 $ ექნება ხელფასი, როგორც ჰპირდებიან და ოჯახში რომ 350 $ მაინც გამოვგზავნოვო. დღეს წავიდა, ქუთაისიდან, ისეთი ბილეთი აიღო, მხოლოდ 8 კილოს გატანის შესაძლებლობა რომ გაქვს, უიაფესი ისიც. საშინლად ვარ” – წერს თომა ჩაგელიშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე.