სახალხო დამცველის მოადგილის, ეკატერინე სხილაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში ძალადობის მსხვერპლ პირებთან კომუნიკაცია გართულდა.
როგორც სხილაძემ ევროპის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამართულ სესიაზე – „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ“ – განაცხადა, სავარაუდოდ, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მიუხედავად პანდემიისა, სახალხო დამცველისადმი მიმართვის სტანდარტული ზრდა ფიქსირდება.
„წინა წლის მონაცემებთან შედარებით, მომართვიანობის სტანდარტული ზრდაა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიცაა, რომ კომუნიკაციის საშუალებებზე მსხვერპლებს წვდომა აქვთ შეზღუდული და მათ შორის, სახალხო დამცველთან დაკავშირებაც ამ გამოწვევას უკავშირდება. თუმცა შეიცვალა სპეციფიკა, რა შემთხვევებშიც ჩვენ მოგვმართავენ. უფრო მეტად გართულდა მსხვერლთან კომუნიკაცია. გასულ კვირას გვქონდა მაგალითი, რომ ჩვენ გაგვიჭირდა გამოგვენახა დრო, როდესაც მოძალადე სახლში არ იყო, რადგან პანდემიის გამო, მოძალადე თითქმის სულ სახლში იყო და მსხვერპლი ცდილობდა, დაცული შეტყობინებით მოეხდინა ჩვენთან კომუნიკაცია, სანამ გადადგამდა ნაბიჯს, რომ პოლიციისთვის მიემართა“,- განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.










