ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით – ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და ამ დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის ნაწილის ელჩებთან შეხვედრას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაში გასაკვირი არაფერია, რადგან “ეს ოპოზიცია კარდაკარ დადიოდა და ქვეყნის დასანქცირებას მოითხოვდა”.
“ამას აღარც გადათარგმნა უნდა და აღარც გადმოთარგმნა. ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით. ყოველ ჯერზე მათი ეს მცდელობა დამთავრდა დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით, ამიტომ აგრძელებენ ამ პრაქტიკას. სხვა ხედვა, ინსტრუქცია არ აქვთ. ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და აგრძელებენ ამ დესტრუქციულ ქმედებას. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი დასაყრდენი არ აქვს. ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ, კაცო?! ეს ოპოზიცია დადიოდა კარდაკარ და იძახდა, რამე ქენით, დაასანქცირეთ ეს ქვეყანაო – რამენაირად ამ ქვეყანას გაუჭირდეს, იქნებ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდესო. ეს იყო ამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ?!” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.










