ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში! – ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მომზადებულ კანონპროექტზე კრიტიკა „დავალებული აქვთ“.
„ოპოზიციის წარმომადგენლებს დავალებული აქვთ, რაც არ უნდა კარგი მოხდეს საქართველოში, მაინც უარყოფითი კუთხით შეხედონ. მათ არ გააჩნიათ ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლის არანაირი სურვილი. ისინი გლობალური [ძალების] დავალებების შესრულებით არიან შეპყრობილი. როგორ შეიძლება ერთად არ დადგეს მთელი ქვეყანა, როცა ნარკოტიკების გასაღებასთან გვაქვს საქმე? გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში. ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი. ამიტომ ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ.
რაც შეეხება მომხმარებლებს – მათთან ისეთი არაფერი იცვლება, მათთან ურთიერთობაში წესრიგდება. ისინი გარკვეულ უფლებებში შეზღუდული იქნებიან. ვინმე არის წინააღმდეგი, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი სკოლაში არ მივიდეს?! ვინმე არის წინააღმდეგი იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ნარკოტიკების მომხმარებელი არ მართავდეს? ვინც ამის წინააღმდეგია, ის საქართველოს წინააღმდეგია,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.
” ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის – მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.