კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ბრონქებში 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი და კორონავირუსის თავდაპირველი შტამი. აღნიშნულს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი ლაბორატორიული კვლევა ცხადყოფს.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ფილტვებში „ომიკრონის“ ინფექცია მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი შტამის შემთხვევაში, რაც დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
მაიკლ ჩან ჩი-ვაი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ასოცირებული პროფესორი და ერთ-ერთი მკვლევარი, რომელმაც აღნიშნული კვლევა ჩაატარა, აცხადებს, რომ ვირუსის რეპლიკაცია არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც დაავადების გადაცემას განსაზღვრავს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანებში დაავადების სიმძიმე განისაზღვრება არა მხოლოდ ვირუსის რეპლიკაციით, არამედ ინფექციაზე რეციპიენტის იმუნური პასუხით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი იმუნური სისტემის რეგულაციის დარღვევა, ანუ „ციტოკინური შტორმი“, – განაცხადა მან.










