ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სააგენტო RES-ის ინფორმაციით, ყველა “საარჩევნო უბანი” დილის 08:00 საათზე გაიხსნა.
გამოცემის ცნობით, ცხინვალში 70 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა. ჩრდილოეთ ოსეთში – ოთხი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კი – ერთი. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 40 000 ბიულეტენი დაამზადა.
„საარჩევნო უბნები“ 20:00 საათზე დაიხურება. ე.წ. „არჩევნებს“ 60-ზე მეტი „დამკვირვებელი“ დააკვირდება, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან, ფედერაციის საბჭოდან და რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას, არგენტინის, ბელარუსის, სომხეთის, ბულგარეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ე.წ. „არჩევნებს“ დააკვირდებიან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც.
ე.წ. “ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში” ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ); არსებული ცნობებით, სწორედ კაბლოევი მიიჩნევა ე.წ. ფავორიტად.
ზურაბ კოკოევი (წარდგენილია ე.წ. პარტია „ერთიანობის“ მიერ);
მურატ ვალიევი (ე.წ. პარტია „ალანიის პატრიოტები“) და კაზბეკ კოდოევი (წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ).









