საოკუპაციო რეჟიმის მიერ შედგენილი ახალი რუკები და დამატებითი ტერიტორიის მიტაცების საფრთხე – “ანტისაოკუპაციო მოძრაობაში” არ გამორიცხავენ, რომ გუშინ, ხურვალეთში ოკუპანტების მობილიზება საოკუპაციო ძალების გეგმის სისრულეში მოყვანის მცდელობას უკავშირდებოდეს.
“2021 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, აქტიურად ვცდილობთ საზოგადოებამდე მოვიტანოთ ინფორმაცია ახალი ოკუპაციის გეგმის შესახებ.
ოკუპაციის ახალი გეგმა გულისხმობს დამატებით 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას. ეს გახლავთ ის ტერიტორია, რომელიც არ შედის 2008 წლის ომის შედეგებში.
ასევე, ხსენებული 208 000 000 კვადრატული მეტრი არ შედის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ამ კვაზი წარმონაქმნის აღიარების საზღვრებში.
ოკუპაციის ახალი გეგმა მოიცავს ზემო რაჭას,ზემო იმერეთს, შიდა ქართლს და მცხეთა-მთიანეთს.
დღეს ოკუპანტებმა ჩაატარეს წვრთნები ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპაციის ხაზიდან 180 მეტრში.
ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული წვრთნები უკავშირდება ოკუპაციის ახალ გეგმას, რომლის განხორციელების გარკვეული ეტაპები უკვე დაწყებულია.
ამიტომ, ამ პოსტში წარმოგიდგენთ ოკუპანტების მიერ ხურვალეთის ნაწილის “მოხაზულ” ტერიტორიას, რომელიც ჩვენ ამოვიღეთ საოკუპაციო რეჟიმის, 2021 წლის ნოემბერში ჩატარებული პრეზენტაციიდან.
სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული გეგმის სრული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ჩემს YouTube არხზე.
მცოცავი ოკუპაცია არ ჩერდება.
ქართული ოცნების “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა” აბსოლუტურ წარუმატებლობას წარმოადგენს.” – წერს დავით ქაცარავა თავის გვერდზე.