“მთავარის” ინფორმაციით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კიდევ ერთმა ბენეფიციარმა დატოვა. მშობელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაცით, დღესვე პანსიონს კიდევ ერთი ბენეფიციარი დატოვებს. ბავშვი პანსიონში 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. წლების განმავლობაში ის მშობელს რამდენჯერმე დაუკავშირდა და თხოვდა, რომ სახლში წაეყვანა. თუმცა რატომ ითხოვდა ბავშვი პანსიონის დატოვებას, მიზეზებზე მშობელი არ საუბრობს.
რაც შეეხება პანსიონში ძალადობის ფაქტებს, ერთ-ერთი ბენეფიციარის დედა ძალადობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ თუკი პანსიონში მსგავსი რამ ხდებოდა ამაზე პასუხი, არა მეუფე სპირიდონმა, არამედ აღმზრდელებმა უნდა აგონ.
“უნდა წაყვანა, დასვენება უნდა. ყოველთვის მიმყავს ხოლმე. თუ იყო ვიღაც ვინც სჯიდა, მოიძებნოს ის ადამიანი და დაისაჯოს. მეუფე სპირიდონზე რა ლაპარაკია. მე თუ დირექტორი ვარ და არ ვიცი და ჩემამდე შენ აკეთებ რაღაც ცუდს და ვიღაცა სხვამ იცის და გფარავს რატომ?”,- თქვა მან.
ნონოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბენეფიციარები პარასკევის შემდეგ დღეს სკოლაში პირველად წაიყვანეს. აღმზრდელებმა მედიასთან პანსიონში ძალადობა უარყვეს და თქვეს, რომ ბავშვები, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ, ჟურნალისტებს მოსყიდული ჰყავთ.
პანსიონიდან ბავშვები მას შემდეგ გაჰყავთ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ბავშვები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანათ. საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.