ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ძმის გარდაცვალების შესახებ დაწერა. როგორც ცნობილია, მისი უფროსი ძმა ნიკა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, რომელიც გორი-რუისის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მომხდარის შედეგად 20 წლის ნიკა ქვრივიშვილი ადგილზე დაიღუპა.
“ამბები” ალექსანდრე ზაზარაშვილის დედას გულიკო ეგნატაშვილს ესაუბრა:
“სული მეწვის, ნიკა ტანჯვით გავზარდე. ჩემი შვილებისთვის არ დამითმია ამდენი დრო და ენერგია. 5 წლის ხდებოდა, როცა ჩვენთან მოვიყვანეთ. მე ვზრდიდი, დედის მეძახდა, გიჟდებოდა ჩემზე. ჩვენს სიყვარულს საზღვრები არ ჰქონდა. ჯარში შევიყვანე 18 წლის რომ გახდა, იქ მუშაობდა. ტრაგედიის დღეს, მამასთან იყო, სახლში მოდიოდა და ავტობანზე გადმოვიდა. ამ დროს დაეჯახა მანქანა. ალექსანდრემ ასწავლა წერა-კითხვა…” – თქვა გულიკო ეგნატაშვილმა.
ცნობილია, რომ წლების წინ ალექსანდრეს ოჯახმა ოთხი დედმამიშვილი იშვილა. მაშინ მომღერლის დედა ამბობდა, რომ ბავშვების დედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილებზე ზრუნვა არ შეეძლო და ამიტომ ისინი თავისთან წამოიყვანა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკა.
წყარო: ამბები.ge