მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ცენტრალურ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოში 25 აპრილი შუააზიური ნაგაზისადმი მიძღვნილ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.
შუააზიური ნაგაზი, რომელსაც ალაბაის უწოდებენ, დიდი ზომით გამოირჩევა. 80 კილოგრამამდე წონის მქონე ძაღლებს თურქმენეთში ადრეული პერიოდიდანვე პირუტყვის სადარაჯოდ იყენებენ. პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს აღნიშნული ჯიში ეროვნულ საგანძურად მიაჩნია, რის გამოც მას ქვეყნის დედაქალაქ აშხაბადში 15 მეტრიანი მოოქრული ძეგლი დაუდგა და წიგნიც კი მიუძღვნა. როგორც ჩანს, სახელმწიფოს მმართველმა ეს არ იკმარა და საყვარელი ცხოველისადმი პატივისცემის ნიშნად დღესასწაულიც დააწესა. მნიშვნელოვანია, რომ ეს უქმე დღე 2021 წლამდე მხოლოდ ახალტეკური ცხენისთვის იყო განკუთვნილი.
63 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთს 2007 წლიდან მართავს. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ამავდროულად მედიცინისა და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსია, “არკადაგის” ტიტულს ატარებს, რაც ადგილობრივ ენაზე “დასაყრდენსა და იმედს” ნიშნავს. ეს ტერმინი მხოლოდ თურქმენეთის მეორე პრეზიდენტის პატივსაცემად გამოიყენება. მედიის თავისუფლების მაჩვენებლით თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, საინფორმაციო საშუალებებს იქ ხელისუფლება აკონტროლებს, ინტერნეტში კი ცენზურა მოქმედებს.