რას ცვლის ოპოზიციის გეგმებში მესამე პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენი? ამ წუთებში პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იკრიბებიან. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ბოიკოტისთვის ემზადება. თუმცა ფრაქციის სხდომაზე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, ოპოზიციური პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, თუ მანდატების დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.
ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
ფრაქციის სხდომაზე ვათანხმებთ საბოლოოდ საპარლამენტო მოღვაწეობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებზე არდასწრებას. მონაწილეობას არ მივიღებთ საპარლამენტო საქმიანობაში.
ამავდროულად განიხილება მანდატების დატოვების საკითხი და ამ თემაზე კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე დასავლელ პარტნიორებთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და დავაკვირდებით პროცესების განვითარებას, რომ ეს ნაბიჯი იყოს შედეგის მომტანი.
ბოიკოტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ მოქმედებას შედეგი უნდა მოჰყვეს – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” სხდომას ესწრებიან მხოლოდ ლევან ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი, დევი ჭანკოტაძე, გიორგი ბოტკოველი.
რაც შეეხება ნიკა მელიას მხარდამჭერებს, ისინი სხდომაზე ამ დროისთვის არ გამოჩენილან, ამიტომაც მათი გადაწყვეტილება ამ დროისთვის ცნობილი არ არის.