„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისისაკენ თითქმის ყველა რეგიონიდან მიემართებიან. ისინი, დღეს, 23 მაისს თბილისში აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, 14.00 საათზე შეიკრიბებიან.
„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ავტოკოლონას, რომელიც ქუთაისიდან დაიძვრება, ადამიანები სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
„ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოთხოვნები უცვლელია.კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.