2022 წლის 7 თვეში საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა, ამასთან, წელს ქვეყანას ყავა უკვე 27%-ით გაუძვირდა. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს – შემცირებულ მოსავალს მწარმოებელ ქვეყანაში, დიდი ალბათობით, საქართველოს ყავის იმპორტი კიდევ გაუძვირდება. ცნობისათვის, ბრაზილიაში ყავის წარმოება მცირდება.
რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, საქართველომ 2022 წლის 7 თვეში 4,422 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 15,510 მლნ დოლარი გადაიხადა. შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალოდ ერთი ტონა 3 507 დოლარი დაჯდა. 2021 წლის იანვარ-ივლისში კი საშუალო ფასი ტონაზე 2 760 დოლარს შეადგენდა, კერძოდ, შარშან 9,317 მლნ დოლარის ღირებულების 3,375 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა.
ქვეყნები, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყავას ყიდულობს:
ინდონეზია – 2 388 ტონა (5,903 მლნ დოლარი)
ვიეტნამი – 595,1 ტონა (1 448 მლნ დოლარი)
რუსეთი – 349,4 ტონა (1 724 მლნ დოლარი)
გერმანია – 227,6 ტონა (1,532 მლნ დოლარი)
იტალია – 148,9 ტონა (1,653 მლნ დოლარი)
სომხეთი – 137,5 ტონა (471,7 ათასი დოლარი)
შვეიცარია – 118,4 ტონა (411,3 ათასი დოლარი)
საბერძნეთი – 100,2 ტონა (263,6 ათასი დოლარი)
საბერძნეთი – 76,6 ტონა (272,2 ათასი დოლარი)
თურქეთი – 69 ტონა (503 ათასი დოლარი)
რაც შეეხება მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანას – ბრაზილიას, წელს საქართველოს იქ ყავა არ უყიდია. 2021 წელს კი ბრაზილიიდან 38,4 ტონა ყავა შემოვიდა (93,7 ათასი დოლარის ღირებულების), ეს კი ყავის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 0,6%-ია.
წლის ბოლომდე მსოფლიოში ყავის ფასი მოიმატებს. მიზეზად, ყავის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, ცუდი მოსავალი სახელდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
2021 წელს, ყავის პლანტაციები ბრაზილიაში ჯერ გვალვის, შემდეგ კი ყინვების გამო დაზიანდა. ამის გამო, არაბიკის მარცვლების მოსავლის მხოლოდ ნახევარს მოელიან. ინფორმაცია ყავის კოოპერატივმა Minasul-მაც დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ წელს, დაგეგმილი მოცულობის ნახევრის მიწოდებას შეძლებენ.
უკვე მეორე წელია, მოთხოვნა ყავაზე მკვეთრად მატულობს, თუმცა მისი მარაგები, მინიმუმამდეა დასული. ფასები კი მატულობს. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, ყავის ფასმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ფუნტზე 2,58 დოლარს მიაღწია. მოგვიანებით ფასმა იკლო და 2,23 დოლარი გახდა, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ის მაინც მაღალი რჩება.










